აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
თანხა, 91 კმ სიგრძის მონაკვეთზე კედლის აგებაზე, გზების მოწესრიგებასა და ქალაქების იუმასა და ელ-პასოს განათებაზე დაიხარჯება.
მედია აღნიშნავს, რომ ეს პირველი მილიარდი დოლარია, რომელიც დონალდ ტრამპს კედლის აშენებისთვის გამოეყო.
მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ კედელი არალეგალურ იმიგრაციასა და ნარკოტიკების კონტრაბანდას შეაჩერებს.
თავიდან რესპუბლიკელებმა ამ პროექტზე 6 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ დოკუმენტი წარადგინეს, თუმცა ის სენატში ვერ გავიდა. წარმომადგენელთა პალატაში ასევე განაცხადეს, რომ მშენებლობის დაფინანსებას არ აპირებდნენ.
ამ წინააღმდეგობამ 2018 წლს ბოლოს სახელმწიფო დაწესებულებისთვის თანხის გამოყოფის ნაწილობრივი შეწყვეტა - შათდაუნი გამოიწვია.
თებერვალში ტრამპმა საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამგვარად, მას შეუძლია 6 მლრდ დოლარზე მეტი მიიღოს და კონსტიტუციით აუცილებელი კონგრესის დამტკიცება თავიდან აირიდოს. აშშ-ის სენატმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი, თუმცა პრეზიდენტმა სენატის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.