დღეს, 26 მარტს, თანამედროვე ქართველ კლასიკოს მწერალს, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ შემოქმედს გურამ დოჩანაშვილს 80 წელი შეუსრულდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში დაიბადა. მწერლის მამა - პეტრე დოჩანაშვილი, ხოლო დედა - გულნარა ემხვარი.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, გურამ სხირტლაძე და სხვ.
1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი.
მწერლის პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1966 წელს 7 აპრილს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - „მთის გადაღმა". 1975-1985 წლებში გურამ დოჩანაშვილი ჟურნალ „მნათობის" პროზის განყოფილებას განაგებდა, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში; 1985 წლიდან კი წლების მანძილზე კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთავარ რედაქტორად მუშაობდა.
მკითველებში დიდი სიყვარულით სარგებლობს მწერლის რომანები და მოთხრობები: „სამოსელი პირველი", „ლოდი ნასაყდრალი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება", „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები" და სხვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს. გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებების მთავარი თემებია: სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა.
მწერალი არის ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატი ნომინაციაში - „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის"; ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.