დიდუბის რაიონში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად ჩადო.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მშენებლობის მიზნით, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა - 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„დიღმის მასივში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. აღნიშნული მიმართულების მოწესრიგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენი რეფორმის შედეგად საბავშვო ბაგა-ბაღები უფასო გახდა, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. დღეს თბილისის ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია და ხშირია შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში რამდენიმე ათეული ბაღის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებაა მიღებული. აშენდება ათამდე საბავშვო ბაღი, რამდენიმე ავარიულ ბაღს დემონტაჟი ჩაუტარდება და თავიდან, სტანდარტების დაცვით აშენდება, ხოლო რვა ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, მთლიანად განახლდება სათამაშო მოედნები. ბაღი, რომლის მშენებლობაც დღეს დავიწყეთ, 300 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობის დროს გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაგა-ბაღით სარგებლობას 300-მდე აღსაზრდელი შეძლებს და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით.
დედაქალაქში ცხრა საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია, შემოდგომისთვის კი, ოთხი საბავშვო ბაღი აღსაზრდელების მიღებას შეძლებს. ასევე, დაგეგმილია ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, 12 ბაღის შენობის დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების აშენება. გარდა ამისა, ორი მოქმედი ბაღის ეზოში დამატებითი ფლიგელები აშენდება.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ასევე, საკრებულოს დეპუტატები თამარ ტალიაშვილი და თარაშ შურღაია იმყოფებოდნენ.