„საბაჟო ორგანოები მაქსიმალურად არიან ჩართულები სიგარეტის კონტრაბანდის აღკვეთის ღონისძიებებში“, - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, კონტრაბანდის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ქვეყნის კონტროლირებად საზღვრებზე - საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, რისთვისაც გამოყენებულია კინოლოგიის სამსახურიც.
„ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად და შეუფერხებლად შემოვუშვათ ტურისტი ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც დიდი ტურისტული მიმოსვლაა საზღვრებზე. რა თქმა უნდა, ეს შედარებით ართულებს კონტრაბანდული სიგარეტის ძებნას, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტების აღსაკვეთად“, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.