"თუკი ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე ჩემს ადგილს ვხედავ მხოლოდ ერთადერთ გუნდში და მას ჰქვია კაკულიების გუნდი, ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი“,- ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
თეა წულუკიანმა თანამდებობიდან წასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ გუნდში დარჩენა, მისი პოზიციის გაზიარება-არგაზიარებაზეა დამოკიდებული.
იუსტიციის მინისტრს არც ამჯერად დაუკონკრეტებია საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება. წულუკიანმა თქვა მხოლოდ ის, რომ ეს არ ეხება არც შეწყალების და არც იუსტიციის სამინისტროსთან სასჯელაღსრულების გაერთიანების საკითხს.
მინისტრმა წასვლა კიდევ ერთხელ დაანონსა, თუმცა განმარტა, რომ მისი პოლიტიკური ადგილი ყოველთვის „ქართულ ოცნებასთან“ იქნება. „თუ არც ერთ პოზიციაზე არ ვიქნები, ისევ ვიქნები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და როგორც აქამდე ვიბრძოდი, მომავალშიც ვიბრძოლებ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს გამარჯვებული და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ერთად ვებრძოდით,“ - აღნიშნა წულუკიანმა.