თეა არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე.
“თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია ქართული ოცნება შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, ყველას კარგად გვახსოვს რა იყო და რა მდგომარეობა იყო. არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში”, - განაცხადა კალაძემ.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა საკითხი, რომელიც მისი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მისივე თქმით, ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიაში მას მყარი პოზიცია გააჩნია, აღნიშნული თემა კი მნიშვნელოვანია და მასშტაბური ხასიათი აქვს.