საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) საშუალებით ფასიანი ქაღალდების შენახვა და ანგარიშსწორება სახელმწიფო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ. დღეს, ამ სისტემით ქართული კორპორატიული ობლიგაციის ტრანზაქცია, პირველად განხორციელდა.
ქლიარსთრიმი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორებს ქართულ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოსახერხებელი და უსაფრთხო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების შეძენას საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ. საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარები და გლობალური ქასთოდიანები ამ პროცესს ინვესტორებისთვის საგრძნობლად ამარტივებენ. მათ საქართველოში ერთჯერადად თავად გაიარეს ეს პროცედურა, შეისწავლეს ქართული ბაზარი, კანონმდებლობა, რეგულაციები, გააფორმეს ხელშეკრულება ერთ-ერთ ქართულ ბანკთან მომსახურების თაობაზე და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოაწყვეს.
შედეგად, მათ ათასობით კლიენტს, რომელთაც ანგარიში გახსნილი აქვთ სხვა რომელიმე უცხოური ვალუტით, მაგალითად აშშ დოლარით ან ევროთი, მარტივად შეუძლიათ ამ ანგარიშს ქართული ლარის ქვეანგარიში დაამატონ და შემდგომ ამ ანგარიშის გამოყენებით შეიძინონ და შეინახონ ქართული ფასიანი ქაღალდები. ამ პროცედურების გავლა ინვესტორებს საკუთარი ძალებით გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ და ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, საქართველოში ინვესტირებისგან თავს შეიკავებდა. ამის გათვალისწინებით, უცხოელი ინვესტორების ქართულ ფინანსურ ბაზარზე წვდომისათვის საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარების და ქასთოდიანების მუშაობა მნიშვნელოვანი მოვლენაა. თავის მხრივ, ეს ქართულ კომპანიებს საინვესტიციო რესურსების უცხოეთიდან მოზიდვას უადვილებს. ზემოაღნიშნული ტრანზაქცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები მათთვის ღიაა და რეფორმებს, რომელთა მიზანი ქართული ფინანსური ბაზრების უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოდ გადაქცევაა, კონკრეტული შედეგები მოაქვს.
ქლიარსთრიმი, რომლის სათავო ოფისი ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროპაში ერთ-ერთი მსხვილი, საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის სტატუსის მქონე, 45-წლიანი გამოცდილების საფინანსო დაწესებულებაა. კომპანია გლობალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და დღეისათვის 56 ქვეყნის ბაზარს მოიცავს, მათ რიცხვს 2016 წლის იანვარში საქართველოც შეუერთდა. ქლიარსთრიმს მსოფლიოს 110 ქვეყანაში 2 500-მდე კლიენტი ჰყავს.