7 მარტს, 19 საათზე, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამეცნიერო კაფის“ პირველი ლექცია ჩატარდება. პროექტს გახსნის ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“.
საიდან აითვლება სამყაროს დასაწყისი? უსასრულოა თუ სასრული და აქვს თუ არა საზღვრები? რა ვიცით სამყაროს დასასრულზე? სწორედ ამ კითხვების გარშემო იტრიალებს თინათინ კახნიაშვილის სალექციო თემა. ასევე მოგვიყვება, თუ რა მეთოდებით შეისწავლიან დღეს სამყაროს და რა მიღწევები გვაქვს – იქნება ეს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურისა თუ მიკროტალღოვანი ფონის ზეზუსტი დაკვირვებები.
თინათინ კახნიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით დაამთავრა. 1988 წლიდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. დაცული აქვს დისერტაცია თემაზე „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოზე და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში. 2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასოცირებულ პროფესორად, 2011 წლიდან – პროფესორად.
14 მარტის ლექციას ასევე ილიაუნის პროფესორი სანდრო ასათიანი წაიკითხავს. იგი ისაუბრებს თემაზე „ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“, 21 მარტს კი პროფესორი მურმან მარგველაშვილი გვასწავლის, თუ როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ ჩვენ გარშემო არსებული სისტემები. მარტის ლექციათა ციკლი 28 მარტს დასრულდება ანდრია როგავას საჯარო ლექციით თემაზე „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“. ილიაუნის სამეცნიერო კაფის ლექციათა ციკლი 20 ივნისს, მარიკა კაპანაძის ლექციით „მინდა, პერპეტუმობილე გამოვიგონო“ დასრულდება.
ლექციები ხუთშაბათობით ჩატარდება. ისინი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც, სურს, იცოდეს მეტი. ოთხ თვეზე გაწერილი პროგრამის სრულად გაცნობა ილიაუნის საიტსა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გვერდზე შეგიძლიათ (https://bit.ly/2SetoBU).