„ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ - პროექტის სასწავლო რესურსი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.zspa.ge განთავსდა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ქართული ენა ონლაინ სივრცეში შეისწავლონ. სასწავლო რესურსი მოიცავს 12 აუდიოგაკვეთილსა და შესაბამის ილუსტრაციებს. ის ძირითადად განკუთვნილია საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი, თავშესაფრის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებზეც ვრცელდება UNHCR-ის მანდატი. რესურსი ასევე დაეხმარება, საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, ქართული ენის საბაზისო ცოდნის მიღებასა და საზოგადოებაში მარტივად ინტეგრირების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დამზადდა - კომპაქტდისკები, რომელებიც ჟვანიას სკოლამ უსასყიდლოდ გადასცა მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ დაწესებულებას.
პროექტი - „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აუდიოგაკვეთილები ასევე დაიდება UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდსა და ორგანიზაციის პარტნიორ ვებ-საიტებზე. მსურველები გაკვეთილების მოსმენას უფასოდ შეძლებენ.