შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერიას იწყებს.
შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარს: სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე ბათუმი (სასტუმრო "ჰილტონი") 28 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;
იმსჯელებენ ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა გლობალური პრაქტიკა შრომითი დავების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმების საქმეში; განიხილავენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წინაშე (შრომის კოდექსში ცვლილებები, საარსებო მინიმუმი, საპენსიო რეფორმა, უმუშევრობის შემწეობა და ა.შ.) დაყენებულ საკითხებს. გაივლიან პრაქტიკულ სამუშაოებს.
შეხვედრას 28 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ტექნიკური მრჩეველი კინან ბაჰნასი გახსნიან.
სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა იქნებიან.