თიბისი გალერეაში შეხვედრა შედგა თემაზე - „თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში“. ღონისძიებაზე ორმა მომხსენებელმა შემდეგ თემებზე ისაუბრა:
ეკა ენუქიძე - პროექტის "თბილისი მაგნუმ ფოტოს წიგნებში" დირექტორი; საუბრის თემა - რუსული დღიურები:
▪ როგორ იქმნებოდა "რუსული დღიურები"
▪ რობერტ კაპასა და ჯონ სტაინბეკის მოგზაურობის ნაკლებად ცნობილი დეტალები საბჭოთა არქივებიდან.
დავით ცხადაძე - ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი; საუბრის თემა - მისიონერები "მაგნუმიდან"
▪ მოკლე ისტორიული ექსკურსი გასული საუკუნის შუახანიდან დღემდე.
▪ „მაგნუმის“ მოღვაწეობა საქართველოში და მისი მნიშვნელობა.
▪ „მაგნუმი“, როგორც „მოწმე“ და „ამბის მთხრობელი".
▪ "მაგნუმი“, როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში სტანდარტის შემქმნელი.
თიბისი გალერეაში გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ 15 თებერვალს გაიხსნა. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „Magnum Photos“. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.
საქართველოში ჩამოსვლამდე გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა.
გამოფენა თიბისი გალერეაში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.