მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 15 თებერვალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა წინასწარი დიაგნოზით თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა, ჰიპერტონული კრიზი. ჩატარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. მათ შორის ორჯერ გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა (ერთხელ კლინიკაში მოთავსებისთანავე, ხოლო მეორედ - 16 თებერვალს, დინამიკაში დაკვირვების მიზნით). 17 თებერვალს მსჯავრდებულს თავის ტვინის და ხერხემლის MRT გამოკვლევა ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევებით თავისა და ზურგის ტვინში მწვავე კეროვანი პათოლოგია არ გამოვლენილა.
ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე 18 თებერვალს გაიმართა ნევროლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მოცემულ ეტაპზე თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა.
20 თებერვალს ჩატარდა ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კონსილიუმი. ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ფსიქიკური სტატუსის, გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინებით ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობა. კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესისა და იზოლაციის მდგომარეობაში. კონსილიუმის დასკვნით, აღნიშნული ნოზოლოგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია, ხოლო ფარმაკოთერაპია გამოიყენება თანმხლები დარღვევების (მაგალითად დეპრესიის, ან შფოთვის) სიმპტომების რედუქციის მიზნით. გარკვეული პოზიტიური გამოცდილება დადასტურებულია ფიზიოთერაპიული ინტერვენციებიდან, რაც ხორციელდება თავდაპირველად სტაციონარულად, ხოლო შემდგომ ამბულატორიულად. ექიმთა კონსილიუმმა აღნიშნა, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტის მართვის უფლება, კომპეტენციების შესაბამისად, ასევე აქვს ნევროლოგს, რაც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს.
კონსილიუმის მოცემული დასკვნის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება, სადაც მას ექიმების მიერ რეკომენდებული მკურნალობა ჩაუტარდება.