ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიალი ლოს ანჯელესში, 24 თებერვალს, 91-ედ გაიმართება. იქამდე კი თვალი გადავავლოთ იმ ლეგენდარული ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც მიუხედავად მაყურებლების თუ კინოკრიტიკოსების საყოველთაოდ აღიარებისა, არ ხვდათ წილად პატივი, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მიეღოთ კინოაკადემიის ოქროთი დაფერილი ჯილდო.
Metacritic-მა შეადგინა ამერიკის კინოაკადემიისგან „დაჩაგრული“ ფილმების რეიტინგი, რომელთაგან 15 ყველაზე შთამბეჭდავ ფილმს წარმოგიდგენთ. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები ჭარბობს.
- ფსიქო (1960), რეჟისორი - ალფრედ ჰიჩკოკი 97/100
ფილმი დაფუძნებულია ედ გეინის ისტორიაზე. სურათი კომერციულად წარმატებული იყო და ჰიჩკოკის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. გადაღებებისას ჰიჩკოკმა რამდენიმე შინაარსობრივ და ტექნიკურ ნოვაციას მიმართა. მთავარი გმირი ფილმის პირველ მესამედში იღუპება, ხოლო შხაპის სცენა კინოს ისტორიაში ყველაზე ხშირად განხილულ სცენად იქცა. ოსკარზე, რეჟისორის ერთ-ერთი პირველი სურათი რამდენიმე ნომინაციაზე წარადგინეს, თუმცა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში არ განუხილავთ. „ფსიქო“ რეჟისორის ყველა დროის საუკეთესო ფილმადაა მიჩნეული.
- ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან (1959), რეჟისორი - ბილი უაილდერი 97/100
„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, იგივე „ზოგიერთს ეს ცხელი უყვარს“ ბილი უაილდერის კომედიური ჟანრის ფილმია. მთავარ როლებს ასრულებენ მერილინ მონრო, ტონი კერტისი და ჯეკ ლემონი. საბჭოთა კავშირში ფილმი გაქირავებაში გამოვიდა სახელწოდებით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“. ოსკარი მიიღო საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
- 4 თვე, 3 კვირა და 2 დღე (2007), რეჟისორი - კრისტიან მუნჯუ 97/100
ფილმში მოქმედება მიმდინარეობს 1987 წელს, რუმინეთში, ნიკოლაი ჩაუშესკუს მმართველობის ბოლო წლებში. მთავარი გმირი ქალები არიან უნივერსიტეტის მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთი ფეხმძიმედაა და არალეგალური აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს. ფილმს მიღებული აქვს „ოქროს პალმის რტო“ კანის კინოფესტივალზე, თუმცა ოსკარის კინოაკადემიას, 2007 წელს, ფილმი არცერთ კატეგორიაში განუხილავს.
- მესამე კაცი (1949), რეჟისორი - ქეროლ რიდი 97/100
ამერიკელი იაფფასიანი რომანების ავტორი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვენაში ჩადის და აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი საიდუმლო ვითარებაშია მოკლული. საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა მას ჩაითრევს თავისი მეგობრის საქმიანობაში შავ ბაზარზე, საერთაშორისო პოლიციასთან და ჩეხ მეგობარ გოგოსთან ერთად. ფილმი ოსკარზე სამ ნომინაციაში წარადგინეს, რომლიდანაც მხოლოდ ერთში, საუკეთესო შავ-თეთრი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.
- კალათბურთზე ოცნება (1994), რეჟისორი - სტივ ჯეიმსი 98/100
ნამდვილი ამბავის მიხედვით გადაღებული დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ჩიკაგოს ორ მკვიდრზე, რომლებიც ოცნებობენ, რომ კალათბურთის ვარსკვლავები გახდნენ. ფილმი ოსკარზე არა თუ საუკეთესო სურათის, არამედ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაშიც კი არ შესულა. ამ ფილმს, ოსკარის ყველა დროის ყველაზე დაჩაგრულ ფილმად მიიჩნევენ.
- ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთიდან (1959), რეჟისორი - ჰიჩკოკი 98/100
ერთ დღეს, წარმატებული სარეკლამო აგენტი როჯერ ტორნჰილი შეცდომით დაზვერვის აგენტი კეპლანი ჰგონიათ, რომელსაც სახეზე არავინ იცნობს და ყველას მისი მოკვლა სურს. თავზარდაცემული როჯერი გაქცევას ცდილობს. ფილმი ოსკარზე წარდგენილი იყო 4 კატეგორაიში, თუმცა არა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
- ფავნის ლაბირინთი (2006) რეჟისორი - გილერმო დელ ტორო 98/100
ამ გენიალური ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია. გოგონა ნახავს, რომ ის სხვა სამყაროში პრინცესაა. ოფელია დესპოტი გენერლის გერია. ფილმი ოსკარის 6 ნომინაციაზე წარადგინეს, აქედან სამში გაიმარჯვა. თუმცა რეჟისორის სურათი ვერ მოხვდა ოსკარის საუკეთესო ფილმების ნომინაციაში.
- დამბო (1941) რეჟისორი - უოლტ დისნეი 98/100
Walt Disney Productions-ის 1941 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. სიუჟეტი ეფუძნება მწერალ ჰელენ ებერსონის და მხატვარ ჰაროლდ პერლის ამბავს, რომელიც შეიქმნა თამაშის პროტოტიპის სახით. მთავარი პერსონაჟი ჯამბო უმცროსია, ნახევრად-ანთროპომორფული სპლიყვი, რომელსაც დაცინვით უწოდებენ „დამბოს“. მას ძირითადად დასცინიან დიდი ყურების გამო, თუმცა სინამდვილეში შეუძლია ფრენა, თუკი მათ გამოიყენებს, როგორც ფრთებს. კლასიკად ქცეული „დამბო“ კანისა და ოსკარის კინოფესტივალების გამარჯვებულია, თუმცა არა საუკეთესო სურათის კატეგორიაში.
- ბოროტების ბეჭედი (1958) რეჟისორი - ორსონ უელსი 99/100
უცნაური, შემზარავი ამბავი , მკვლელობის, გატაცებისა და პოლიციელთა კორუფციის შესახებ, მექსიკის სასაზღვრო ქალაქში. რეჟისორის ეს შედევრი ოსკარის ყველა ნომინაციას გამოაკლდა.
- პინოქიო (1940) რეჟისორი - უოლტ დისნეი 99/100
სიუჟეტის მიხედვით, ოსტატი ამზადებს თოჯინას, რომელსაც პინოქიოს უწოდებს. მას აცოცხლებს ლურჯი ფერია და ჰპირდება, რომ გადააქცევს ნამდვილ ბიჭუნას, თუ ის იქნება გულადი და სამართლიანი. ამით იწყება პინოქიოს რთული მოგზაურობა. “პინოქიოს“ ორი ოსკარი აქვს მიღებული, რა თქმა უნდა, არცერთი მათგანი საუკეთესო ფილმის ნომინაციიდან არ ყოფილა.
- წვიმაში სიმღერა (1952) რეჟისორი ვიქტორ - ფლემინგი 99/100
ეს ფილმი ოსკარის დაჯილდოებაზე მხოლოდ ორ კატეგორიაში იყო წარდგენილი. ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე ათეულ წელში, თანამედროვე კრიტიკოსებმა „წვიმაში სიმღერა“ ამერიკის კინოს ისტორიაში საუკეთესო მიუზიკლად დაასახელეს.
- ფუჭი დიდება (1946) რეჟისორი - ალფრედ ჰიჩკოკი 100/100
„ფუჭი დიდება“ (ინგლ. Notorious) რეჟისორის 1946 წლის ამერიკული შავ-თეთრი ფილმია შპიონაჟზე. ფილმი შეტანილია აშშ-ის კონგრესის ფილმების ეროვნულ რეესტრში. მთავარ როლებს კერი გრანტი და ინგრიდ ბერგმანი ასრულებენ. ჰიჩკოკის რომანტიკული თრილერი ოსკარის დაჯილდოების ორ კატეგორიაში იყო წარდგენილი, თუმცა არა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
- თავბრუსხვევა (1958) რეჟისორი - ალფრედ ჰიჩკოკი 100/100
ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი გადაღებულია 1958 წელს. მთავარ როლებს ჯეიმზ სტიუარტი და კიმ ნოვაკი ასრულებენ. ფილმს გამოსვლისას დიდი კომერციული წარმატება არ ჰქონია და კრიტიკამ განსხვავებულად შეაფასა, თუმცა დღეს ის ჰიჩკოკის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა. „თავბრუსხვევა“ ოსკარის ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა ვერცერთში გაიმარჯვა.
- სამი ფერი: წითელი (1994) რეჟისორი - კშიშტოფ კისლიოვსკი 100/100
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მესამე, დასკვნითი ფილმი - წითელი, სიყვარულის შესახებ, რომელიც ხანდახან ადამიანების ბედ-იღბალს განაგებს. ეს ფილმი ოსკარზე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის იყო წარდგენილი.
- ფანჯარა ეზოს მხარეს (1954) რეჟისორი - ალფრედ ჰიჩკოკი 100/100
ფოტოგრაფმა ჯეფ ჯეფრიზმა ფეხი მოიტეხა და იძულებულია სახლში იყოს. ის თავს იმით ირთობს, რომ შიდა ეზოში გამავალი ფანჯრიდან მეზობლების ყოველდღიურ ცხოვრებას უთვალთვალებს. ერთ-ერთი მეზობლის საეჭვო ქცევას ჯეფი მიჰყავს დასკვნამდე, რომ მან შესაძლოა ცოლი მოკლა. ჯეფი სახლიდან გაუსვლელად იწყებს გამოძიებას, რაშიც შეყვარებული ეხმარება. ფილმი ოსკარის 4 კატეგორიაში იყო ნომინირებული: საუკეთესო რეჟისურა, სცენარი, კინემატოგრაფია და ხმა.
არ არის გასაკვირი, რომ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი სიის სათავეში აღმოჩნდა. ლეგენდარული რეჟისორი ოსკარის დაჯილდოებაზე 5 ჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, თუმცა ვერცერთხელ გაიმარჯვა. აკადემიამ საპატიო ოსკარი ლეგენდარულ რეჟისორს 1968 წელს გადასცა.