ისეთ სურათი იხატებოდა, მეგონა გაცილებით მძიმედ იყო, საკმაოდ ენერგიულად არის მამაო, - განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„ველოდებოდი, ისეთ სურათი იხატებოდა, რომ მეგონა გაცილებით მძიმე იყო, საკმაოდ ენერგიულად არის მამაო. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას, როგორც საშუალოს და რაც შეეხება მკურნალობის პროცედურას, როგორც ექიმებმა მითხრეს, ესეთი შემთვევები, ასეთი მდგომარობა ინსულტის შემთხვევაში გათვალისწინებული პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს კვლევები.ჯერჯერობით რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ, როგორც მძიმეს და ძალიან სასიხარულოა“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რჩება. 15 თებერვალს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძე, წინასწარი დიაგნოზით - ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევით, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
თორნიკე მამალაძე მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.