საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში "თიბისი ბანკის" ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული, - ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
„მინდა მივულოცო "ქართულ ოცნებას", რომ თავიანთი მმართველობის 7 წლისთავზე ეს ანტირეკორდიც მოხსნეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აქ 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება, რომ არაფერი ვთქვათ ხანდაზმულობის ვადაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახელწმიფო უწყებები, რომლებიც წესით დამოუკიდებლად უნდა ასეულებდნენ თავიანთ ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად იქცნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა უგილავამ და აღნიშნა, რომ იმისგან დამოუკიდებლად, ხაზარაძე შეეცდება ივანიშვილთან შეთანხმებას თუ არა, იმისგან დამოუკიდებლად შეეცდება ის ბრძოლას თუ არა, ივანიშვილს, რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, იმას აუცილებლად გააკეთებს.
„ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს, დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია აახიოს, აახევს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ "თიბისი ბანკი" აახიოს, აახევს. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ. ხაზარაძეს ერთადერთი რაც შეუძლი, ეს არის საზოგადოების იმუნიტეტის მოპოვება, რასაც სჭირდება ხმის ამოღება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა შავმა კატამ,"- განაცხადა გიგი უგულავამ.