ხაზარაძემ არასწორი პოზიცია დაიჭირა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „რეაქციაში“ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ.
„ხაზარაძემ არასწორი პოზიცია დაიჭირა. მას ხმამაღლა უნდა ეთქვა ამ პრობლემების შესახებ და უნდა ეთქვა რეალური კონტექსტი რატომ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ ამის გამო, მისი დამუნათება არ არის საჭირო“, - თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას მოითხოვა. ამისთვის კი თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიან ვადა დაუწესა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებია, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
თიბისი ბანკი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის განცხადებას და განაცხადა, რომ ის გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.