"დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის პრობლემებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დოკუმენტში წარმოდგენილია ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარების ანალიზი და "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ხედვა სოციალური სფეროს პრიორიტეტებისა და განვითარების მიმართულებების შესახებ.
სტატისტიკური ანალიზის ნაწილში განხილულია ქვეყანაში სიღარიბის და დემოგრაფიული მაჩვენებლები, უმუშევრობის დონის დინამიკა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ცვლილებების ტენდენცია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სოციალური სფეროს მშენებლობისა და განვითარების მკაფიო და საზოგადოებასთან შეთანხმებული კონცეფცია.
"სოცოალური სფერო გახდა ბიზნესინტერესების ასპარეზი, უკანა პლანზე გადაიწია სფეროს სოციალურმა ფუნქციამ. მიღებულია აბსოლუტურად გაუმართლებელი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები. არსებული საპენსიო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მისი ძირითადი მიზნების განხორციელებას, სიღარიბის აღკვეთას და ღირსეული სიბერის გარანტირებას. 2009 წლის მონაცემებით საქართველოში 1 700 000-ზე მეტი უმწეო მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის 40%-ს შეადგენს", _ განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა.
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს მიაჩნია, რომ სოციალური სფეროს მოწყობა უნდა ემყარებოდეს მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების და მყარი გარანტიების შექმნის რეალისტურ ხედვას.
ბურჯანაძის თქმით, ქვეყნის სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძვნოს ხანგრძლივ ეფექტებზე გათვლილ საჯარო განხილვების გზით საზოგადოებასთან შეთანხმებულ ღონისძიებათა ერთობლიობას.
"დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში პრიორიტეტული იქნება პირველადი ჯანდაცვა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მკურნალობის ხარისხხზე და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინა.