თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ბ.დ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი. ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი"-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა"-ს შემცველი 5 აბი 750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ „ხიდის" შესასვლელთან 650 ლარად „მდმა"-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა"-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.