"ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხზე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის სწორედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვასა და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი დაპრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ. ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 02 თებერვალს, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის წარდგენის შესახებ.