1 თებერვალს, 15 საათზე, თბილისის მერიის მულტიფუნქციური გაერთიანების ნაძალადევისა და ვარკეთილის მედიათეკები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ღონისძებებს უმასპინძლებს.
ნაძალადევის მედიათეკაში აუდიტორიას სცენარისტი და გადაცემა „ლიტერატურული სამკუთხედის“ წამყვანი ქეთი დევდარიანი შეხვდება, ხოლო ვარკეთილის მედიათეკაში მსმენელის წინაშე მწერალი და ასევე „ლიტერატურული სამკუთხედის“ წამყვანი ნესტან ნენე კვინიკაძე წარსდგება.
ავტორები ისაუბრებენ წიგნის კითხვის აუცილებლობასა და სარგებლობაზე, წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობებზე; იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა წიგნის კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და საერთოდ - რატომ ვწერთ და ვკითხულობთ.
შეხვედრის მსვლელობისას სტუმრები მსმენელთა კითხვებსაც უპასუხებენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეოთხედ აღინიშნება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია Litworld. ამ დღეს ყოველწლიურად ასზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.