ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის, „ბერლინალეს“ ერთ-ერთი საპატიო ჯილდო „ბერლინალეს კამერა“ წელს გამორჩეულ ფრანგ კინორეჟისორს, ანიეს ვარდას გადაეცემა.
წელს, ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოთხ პირს გადასცემს „ბერლინალეს კამერას“. ანიეს ვარდასთან ერთად საპატიო ჯილდოს, ამერიკელი პროდიუსერი სანდრა შულბერგი, ვილანდ სპეკი, რომელიც წლების განმავლობაში „ბერლინალეს“ პანორამას ხელმძღვანელობდა და გერმანელი რეჟისორი და სცენარისტი ჰერმან ზშოჩე მიიღებენ.
1986 წლიდან „ბერლინალეს კამერა“ გადაეცემათ იმ პირებს და ინსტიტუტებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარებაში.
„ბერლინალეს კამერის“ ფიგურა იუველირი ჯორჯ ჰორნემანის მიერ არის დამზადებული და რეალური კინოკამერის ანალოგს წარმოადგენს.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2019 წლის 7 თებერვალს გაიხსნება და 17 თებერვალს დაიხურება.