მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევასთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში.
„ეს არის პირდაპირი შედეგი არაფორმალური მმართველობის, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს, არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს ენდიაის კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე“, – განაცხადა უგულავამ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. კითხვაზე – „თქვენი აზრით, საქართველოში არის ამჟამად დემოკრატია“, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 46 პროცენტი ამბობს, რომ „არა“, ხოლო 43 პროცენტი პასუხობს, რომ „კი“. პასუხი „არ ვიცი“ 11-მა პროცენტმა მიუთითა.
NDI -მ კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია.