29 იანვარს, პარიზში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომა გაიმართა. საქართველოს მხრიდან სხდომაში თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ასევე ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა.
როგორც ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, საერთაშორისო გამოწვევების განხილვისას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი აუცილებლად უნდა იყოს განხილული.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი, საქართველოს საკითხზე კონგრესის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს.
თამარ ტალიაშვილმა აგრეთვე, გაეროს მდგრადი განვითარების გარემოს დაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ორგანოების როლს ხაზი გაუსვა. მან დააყენა საკითხი ღია მმართველობის ფორმატში ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის სპეციფიკის ეფექტურ განსაზღვრებასთან დაკავშირებით.
ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხის შესახებ იმსჯელეს, მათ შორის, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არსებულ დემოკრატიაზე, ადგილობრივ ხელისუფლებათა პალატის 2019 წლის სამუშაო პროგრამასა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიაზე. ასევე, შედგა სამომავლო, რიგით 36-ე სხდომის თემებისა და საორგანიზაციო საკითხების განხილვა.
ამავე სხდომაზე, თამარ ტალიაშვილი კონგრესის ქარტიის, ნორმებისა და პროცედურების საკითხებში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მომხსენებლად აირჩიეს.