კორუფცია, როგორც უმწვავესი პრობლემა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ დაბრუნდა, - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას აფასებს.
“არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, თუ რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში. დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნება არის კორუფცია, რომელიც ხალხს ძალიან აწუხებს. კორუფცია, მექრთამეობა და არაგამჭვირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში, რომლებიც ხალხის ფულს ხარჯავენ. სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის და ეს ხალხს ძალიან აწუხებს. ერთი სიტყვით, კორუფცია, როგორც უმწვავესი პრობლემა, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ დაბრუნდა”, - ამბობს კანდელაკი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. 34%-ის აზრით, საშუალოდ, ხოლო 21% ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ არის.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1