კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ – ვერც სახელმწიფო და ხშირ შემთხვევაში, ვერც კერძო სტრუქტურებში, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI)-ის კვლევის შედეგებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
ცქიტიშვილმა NDI-ის კვლევების სანდოობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს საქართველოში სანდოობის მეტი ხარისხი ჰქონოდა.
მისი თქმით, კორუფციის დონე საქართველოში ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერაა შეფასებული და ამ მიმართულებით, ქვეყანას შეშფოთებისა და ნერვიულობის საფუძველი არ აქვს.
„დიდ სინანულს გამოვთქვამ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს, სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს დიდი ნდობა, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა, კვლევის საველე სამუშაოებს უფრო მიუკერძოებელი ორგანიზაცია რომ ატარებდეს“, - თქვა ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არაერთი ღონისძიება განახორციელა არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის, არამედ მისი პრევენციის მიზნით.
„საერთოდ, კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ – ვერც სახელმწიფო სექტორში და ხშირ შემთხვევაში - კერძო სტრუქტურებში“, – განაცხადა მინისტრმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. 34%-ის აზრით, საშუალოდ, ხოლო 21% ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია საერთოდ არ არის.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს, CRRC-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.1%-ია.