"ლეიბორისტული პარტია" 180-ე სკოლის შენობის სახურავიდან მობილური კავშირის ანძების დემონტაჟს მოითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით შრომის პარტიის წარმომადგენლებმა მოსწავლეების მშობლებთან ერთად დღეს სკოლის შენობასთან აქცია გამართეს.
"ლეიბორისტების" განმარტებით, "მაგთის", "ჯეოსელისა" და "ბილაინის" გადამცემი ანძები უკვე რამდენიმე წელია სკოლის სახურავზეა დამონტაჟებული და სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
მშობლების მტკიცებით კი, ანძების დამონტაჟების შემდეგ მათ შვილებს თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძენა აღენიშნებათ.
საპირისპიროს აცხადებს სკოლის დირექტორი, რომლის განმარტებითაც, გამოსხივების ხარისხი მუდმივ კონტროლზეა აყვანილი და ის დაშვებულ ნორმას არ აღემატება.