28 იანვარს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი კრაკოვის მთავარი ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული მესამე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა წინაშე წარსდგა.
ნინია მაჭარაშვილმა თავის სიტყვაში თბილისის მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების სერვისებზე, მომსახურების მრავალფეროვნებასა და უპირატესობებზე, ასევე მათ წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეეხო კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ თემასაც - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების ხელმისაწვდომობის საკითხებს.
კონფერენციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის, ჩეხეთიდან, შოტლანდიიდან, სლოვაკეთიდან, ლიეტუვადან. უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან და ა.შ.
სპიკერები ძირითადად ისაუბრებენ სპეციალური საჭიროების მომხარებლების წინაშე არსებულ არქიტექტურულ ბარიერებზე და ამ პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. კონფერენციის სტუმრები ასევე გაეცნობიან კრაკოვის მთავარი ბიბლიოთეკის ციფრულ საცავებსა და ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს.
კონფერენციის ორგანიზატორები კრაკოვის მთავარი ბიბლიოთეკის გარდა კრაკოვის მერია და ქალაქის კულტურისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი არიან. კონფერენცია 28 იანვარს კრაკოვის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა და ორ დღეს გასტანს.