150 წლის შემდეგ თბილისის ოპერის სცენაზე ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“ ბრუნდება. ოპერის განახლებულ ვერსიაზე მუშაობდნენ დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერები ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე. საპრემიერო ჩვენებები 15-24 თებერვალს გაიმართება.
ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსის“ პრემიერა 1867 წლის 11 მარტს პარიზის ოპერა Salle Le Peletie-ში გაიმართა. საქართველოში კი ოპერის პრემიერა თბილისის თეატრ „ქარვასლაში“ 1869 წლის 24 იანვარს შედგა.
ლიბრეტო ეყრდნობა ფ.შილერის პიესას (F.Schiller,“Don Karlos, Infant von Spanien“,1787). ოპერა მოგვითხრობს XVI საუკუნეში ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის ვაჟის, უფლისწულის - დონ კარლოს ასტურიასისა და ფრანგი მეფის ასულის, ელისაბედ დე ვალუას სიყვარულის ისტორიას. პოლიტიკური მიზნების მქონე გარიგების მიხედვით ელისაბედ ვალუა დონ კარლოსზე უნდა გათხოვილიყო,მაგრამ გარიგება შეიცვალა და ელისბედი ცოლად თვით მეფე ფილიპემ შეირთო.... “დონ კარლოსს“ აკრიტიკებდნენ ხანგრძლოვობისა და “ვაგნერიზმის“ გამო. თუმცა ვერდის ახალი მელოდიური ფორმებით უაღრესად მოიხიბლნენ. სიუჟეტი გამოგონილია და სარწმუნო წყაროებით არ დასტურდება.
თბილისის თეატრში ოპერის განახლებულ ვერსიას თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი შეასრულებს. ნაწარმოების დადგმა ეკუთვნის ცნობილ იტალიელ რეჟისორს ჩეზარე ლიევის. სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი - მაურიციო ბალო. სამხატვრო ხელმძღვანელი - ბადრი მაისურაძე.
სპექტაკლზე ასევე მუშაობდნენ დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერები ავთანდილ ჩხენკელი და შალვა შაორშაძე.
წარმოდგენის ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებში. ბილეთების ფასი 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.