თბილისის საკრებულოს სხდომა განცხადებებით დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც დღეს მიიღეს საზოგადოების მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკის პარკის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოების და ქალაქის ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რა პოზიტიური შედეგი მოაქვს სამოქალაქო სექტორის აქტიურობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა საზოგადოებრივი ინტერესი გაძლიერებულია სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ერთად ვაღწევთ ქალაქისთვის სასარგებლო შედეგებს,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც საზოგადოება და ხელისუფლება პრინციპულ პოზიციაზე დგას ინვესტორსა მათთვის ანგარიშის გაწევა უწევს.