"ქრისტიან-დემოკრატებმა" ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მათ მიტინგზე ძალოვანი უწყების ვეტერანთათვის პენსიების გათანაბრების მოთხოვნა გაახმოვანეს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განმარტებით, 2004 წლამდე პენსიაზე გასულ ვეტერანებს სამჯერ ნაკლები ფულადი დახმარება აქვთ, ვიდრე მათ, ვინც პენსიაზე 2004 წლის შემდეგ გავიდა.
"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ვეტერანებისთვის პენსიების გათანაბრების საკითხი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აისახოს.
"მოთხოვნა სოციალური სამართლიანობის აღდგენაა. ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს ისეთ, რასაც Yთავისი არგუმენტები არ გააჩნია. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ერთი და იგივე სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს, არ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ოდენობის პენსია. ეს თემა ჩვენ უკვე გავააქტიურეთ პარლამენტში", - განაცხადა აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.