23 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ ზაალიშვილის ვარსკვლავი. ეს ღირშესანიშნავი ფაქტი კი საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. კონცერტს უდირიჟორებენ: ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, დავით მუქერია, პაპუნა ღვაბერიძე, კახი სოლომნიშვილი.
გასულ წელს საქართველოს სახალხო არტისტს, სახელგანთქმულ ქართველ მომღერალსა და პედაგოგს, თენგიზ ზაალიშვილს, 90 წელი შეუსრულდა.
ბატონმა თენგიზმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებაში, ქართული ვოკალური ხელოვნების წინსვლასა და აღმავლობაში. მან მრავალი წამყვანი პარტია შეასრულა ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში. გასტროლებით შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები.
ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის გარდა იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1985 წელს თენგიზ ზაალიშვილი აირჩიეს ქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქედ.