ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში ქართული ანიმაციური ფილმი მოხვდა. ანიმაციური ფილმის"ომის იავნანა" შემქმნელია გერმანიაში მოღვაწე იანა უგრეხელიძე. მაყურებელს ქართული ანიმაციის ნახვა 11 თებერვალს შეეძლება.
ნამუშევრის თემა აფხაზეთის კონფლიქტია. ომი ბავშვის თვალით არის დანახული, თავად ფილმის ინსპირაციაც ომგამოვლილი მეგობრები არიან, რომლებიც ხშირად უყვებოდნენ თავის ბავშვობაზე.
ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ტოვებს მშობლიურ ქალაქს 4 ბავშვი - ოთხი შესაძლო გზა, რომლითაც სოხუმის ადგილობრივი მცხოვრებლები, აფხაზი „ბოევიკების“ მიერ დევნილები, ხანძრით მოცული ქალაქიდან აღწევდნენ თავს: ბოლო გემით, ბოლო თვითმფრინავით, ბოლო მატარებლით და ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებით თავის დაღწევა ვერ მოასწრო მოუწია გზის გავლა ფეხით სვანეთის თოვლით დაფარული მთებით. სცენარი დაფუძნებულია 1992/1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეალურ მოვლენებზე.
იანა უგრეხელიძემ დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი მთარგმნელ - რეფერენტის კვალიფიკაციით, შემდგომში ბაკალავრიატი კომუნიკაციურ დიზაინში პეტერ ბერენსის სამხატვრო სკოლაში დუსელდორფში და მაგისტრატურა კიოლნის სამხატვრო აკადემიაში.
მისი პირველი ანიმაციური ფილმის „ Summer Story“ის პრემიერა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. იანა დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი სიუდად-რეალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე და 44. სტუდენტური ოსკარის ნახევარ-ფინალისტი. ანიმაციური პროექტი „Armed Lullaby“ განხორციელდა კინომედია ჩრდილოეთ ვესტფალიის ფონდის (Film- und Medien Stiftung NRW ) და სამხატვრო აკადემიის (Kunsthochschule für Medien) მხარდაჭერით.
„ბერლინალე“ წელს 7-17 თებერვალს გაიმართება.