აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისა და სხვა დემოკრატების საზღვარგარეთ, ბრიუსელში, ეგვიპტესა და ავღანეთში ვიზიტები გააუქმა.
ნენსი პელოსისადმი წარგზავნილ წერილში, ტრამპი აღნიშნავს, რომ კონგრესმენების „ექსკურსია“, როგორც „საზოგადოებრივი ურთიერთობის ღონისძიება“ გადადებულია.
„ჩვენ შეგვიძლია დავნიშნოთ ეს 7-დღიანი ექსკურსია მაშინ, როდესაც მთავრობის „შათდაუნი“ დასრულდება. იმ ფონზე, როდესაც 800 000 დიდი ამერიკელი მოქალაქე ხელფასს ვერ იღებს, დარწმუნებული ვარ, თქვენც მიესალმებით ამ საზოგადოებრივი ურთიერთობის ღონისძიების გადადებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ ვაშინგტონში იქნებით და ჩემთან მოლაპარაკებას აწარმოებთ საზღვართან ძლიერი კედლის მშენებლობისა და „შათდაუნის“ დასრულებისათვის.
თუ თქვენ გსურთ, მოგზაურობა კომერციული თვითმფრინავით განახორციელოთ, ეს თქვენი პრეროგატივა იქნება“, - წერს ტრამპი პელოსისადმი წერილში.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ეს წერილი პასუხია ნენსი პელოსის მიერ ტრამპისადმი გაგზავნილი წერილისა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთავაზობდა 29 იანვარს კონგრესში დაგეგმილი პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა გადაედო, რადგან „შათდაუნის“ გამო პრეზიდენტის უსაფრთოხება „სათანადოდ ვერ იქნებოდა დაცული“.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურულია. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.