დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების რაოდენობა იზრდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, იაშვილის კლინიკაში მყოფი არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მინისტრის თქმით, დაშავებულია 4 არასრულწლოვანი.
სერგეენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში ერთი არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.
„სამი ბავშვი რომელიც აქ იმყოფება, მძიმე საბედნიეროდ, არცერთი არ არის. ყველა პაციენტს ვნახავ. ერთი, როგორც ვიცი, არის ღუდუშაურში, ერთს აქ ველოდები და სხვა პაციენტებსაც, ყველას ვნახავ,“ - ამბობს სერგეენკო.
დიდ დიღომში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. კორპუსში სახლების მინები ჩამსხვრეულია ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის სრული ევაკუაცია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ. ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.