პირველ რიგში, ყველა ადამიანის მორალური ვალდებულებაა, რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, მეორე მხრივ, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს - ამ ორ სიკეთეს შორის ბალანსი სწორად დასაცავია, რომ საზოგადოების არც ერთი წევრის ინტერესი არ დაზიანდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არსებობს სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების დიდი მცდელობა.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე რეგულაციების დაწესებთან დაკავშირებით მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მსჯელობს ნებისმიერი მოქალაქისა თუ პრეზიდენტის კანონპროექტზე.
„ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამ ბოლო დროს გავრცელდა ნიუსი, რომ საფრანგეთმა მიიღო შესაბამისი ნორმების ერთობლიობა, სადაც დეზინფორმაციაზეა საუბარი, მაგრამ მეორე მხარეს არის სიტყვის თავისუფლების უდიდესი ინტერესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ ბალანსიდან გამომდინარე. აქ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და არ უნდა დაზიანდეს არც ერთი პირის ინტერესი დეზინფორმაციის გავრცელებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.