არ მინდა დავიჯერო რომ ეს არის ის გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია „რუსთავი 2“-თან, ექსპერტ გია აბაშიძის ბრალდებაზე, რომ მან ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან ქრთამი აიღო.
„ეს ისეთი აბსურდია, ისეთი სიგიჟეა და ისეთი სამარცხვინო რაღაცა არის, რაც გია აბაშიძემ დაწერა, საერთოდ შინაარსში ვერ შევალ. მაგრამ რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე, ამას ვხვდები. ჯერ ერთი გია აბაშიძე არ არის უცხო ადამიანი. პარტიის ოფისში ტრიალებს და შიგნით მუშაობს პრესის თუ ექსპერტების ჯგუფთან. მე მისგან მიკვირს, ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა. რაღაც ბმას ვხედავ იმაში, რომ დაახლოებით 2-3 დღის წინ მითხრეს რომ რაღაცა ტიპის პროვოკაცია მზადდებოდა. არ ვიცოდი შინაარსი. ახსენეს ეს გვარი[ოქუაშვილი] და გამეცინა ამაზე. იმიტომ რომ არ ვიცნობ, საერთოდ ამ ადამიანს პირადად და ჩემი კომენტარები ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკავშირდება ამ ოქუაშვილის გამოსვლას, იყო ძალიან კრიტიკული მის მიმართ. გია აბაშიძე არ არის აქტიური, მაგრამ ის მე მყავს ნანახი ჩემს ოფისში. ამიტომ მგონია, მას ეს დავალება მისცეს. ვინ მისცა ეს დავალება, ეს უნდა გავარკვიო. ფორმა ძალიან კომიურია, სადღაც, რაღაც მოუყვნენ ვაკეში, ძალიან არასერიოზულია. გიასგან მიკვირს. ასე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არც ასეთ ადამიანად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ ეს დავალებაა. ვინ დაავალა ამას გავარკვევ. არ მინდა დავიჯერო და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის, ის ფორმა და ის გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა“, - განაცხადა ეკა ბესალიამ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტი გია აბაშიძე, ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. აბაშიძის ინფორმაციით, ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინდა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.
ეკა ბესელია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ის ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიწვევით ლონდონშია.