28 დეკემბერს, კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორია გაფორმდება დეკორაციებით, დაინთება კოცონი, იქნება ელექტრონული მუსიკა და მოეწყობა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, გაისეირნონ საბაგიროთი, მიირთვან გლინტვეინი, ჩაი და ყავა. მათ პოზიტიურ განწყობაზე კი იზრუნებენ ბენდი „Fourth Season”, ირაკლი ფაღავა და ბენდი „GROOVE PHOENICS". სეზონის გახსნაზე ასევე, ნაჩენები იქნება კურორტ „გოდერძი“-ს ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი. სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს, თვითმართველობისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გიდები და ტურისტები დაესწრებიან. სეზონის გახსნის ღონისძიებები კურორტზე 14:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება.
კურორტი გოდერძი ერთადერთი კურორტია საქართველოში, რომლის განაშენიანებაც გენერალური გეგმის მიხედვით ხორციელდება. ამ ეტაპზე კურორტზე 133 მილიონის 19 მასშტაბური პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელის შედეგადაც კურორტზე ერთდროულად 1000-ზე მეტი ადამიანი განთავსება იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კურორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამსვენებლებს 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი, ორი სასტუმრო და 13 საოჯახო-სასტუმრო სახლი ემსახურება, სადაც ერთდროულად 280-მდე ადამიანი თავსდება.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ერთი რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის. 2017-2018 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე კურორტმა წინა წელთან შედარებით 48%-ით მეტ ტურისტს უმასპინძლა. 2017-2018 წლებში, კურორტზე სერვისის ამაღლების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარა. პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში მათ გადამზადება საკომუნიკაციო ინგლისური ენისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გაიარეს.