თამარ ჟვანია არის ფავორიტი და ჩვენ არ ვართ მასთან სამართლიან გარემოში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტორი გამოწვეულია იმით, რომ თამარ ჟვანია მოქმედი თავმჯდომარეა.
მისივე ინფორმაციით, ის დღეს ცესკო-ში გასაუბრებაზე ისაუბრებს იმ გამოწვევებსა და გეგმებზე, რაც ცესკო-ს წინაშე დგას.
"შეხვედრები გვაქვს ცესკო-ს წევრებთან რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს გეგმებს. უფრო რთულია გახდე ცესკო-ს წევრი, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე. არანაირი სამართლებრივი პროცედურები არ არსებობს.
რაც შეეხევა გეგმებს, ასიათასობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება ელექტრონულად მისცენ ხმა. ასევე პრობლემაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი გადამზადება მოვახდინოთ", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ჟვანიას, მარიამ შელეგიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.