დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისის მერის თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორც შეაფასებს აღნიშნულ მოთხოვნას, კახა კალაძე პასუხობს: „რანაირად?“
თბილისის მერის თქმით, ის ყოველთვის გმობს ძალადობას, როგორც ფიზიკურს, ასევე, ფსიქოლოგიურს და მსგავს თემაზე განცხადება არაერთხელ გაუკეთებია.
„ჩემთვის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. ამაზე განცხადება გუშინაც გავაკეთე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი განცხადება, რომ ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, როგორც არჩევნების შემდგომ პერიოდს, ისე შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მათი ინსპირირებულია ის დღის წესრიგი, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში შემოგვთავაზეს, რაც ძირითადად სიძულვილზე, სიცრუეზე, ძალადობის მოწოდებებზე იყო დაფუძნებული. ჩვენ მოვისმინეთ ფაშისტური განცხადებები და ამას, სამწუხაროდ, რეაგირება და შეფასებები არ მოჰყოლია.
კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, ის საუბარი სატელევიზიო ეთერებიდან, რასაც ჩვენ ვისმენთ. პირდაპირ დედის გინებაზე იყვნენ გადასულები. სამწუხაროდ, ყველა ერთად ვიმკით იმ შედეგებს, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს ყველაფერი საზოგადოებაზე აისახება. ქურთუკი არ არის, რომ ადამიანმა გაიხადოს და თაროზე შემოდოს. ყველა უნდა შევჯერდეთ, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, რომ ტელევიზიებიდან, დებატებიდან სასაუბრო ენა არ იყოს ასეთი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.