4 დეკემბერს, 17 საათზე, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ნაძალადევის მედიათეკაში, კომპოზიტორ და მხატვარ ოთარ ტატიშვილის საღამო „ფერწერა & ბგერწერა“ გაიმართება.
საღამოს გახსნის გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ოთარ ტატიშვილის ფერწერული ნამუშევრები, რომლებზეც მუსიკოსი უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობდა. გამოფენის პარალელურად კომპოზიტორის როგორც ცნობილი, ასევე ახალი მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება.
საღამოში მონაწილეობენ: მარიკო ებრალიძე, ნოდიკო ტატიშვილი, მზია ჭილაძე (ვოკალი), პიანისტები: ჭაბუკა პაჭკორია, ასლან ჩიქოვანი, მარიანა კირაკოზოვა (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). კონცერტმაისტერები: ლიკა ხორბალაძე, ვიკა სურმავა. მსახიობები ნატო ჩხეიძე, დავით გერსამია, პოეტი ნანა ცინცაძე.
საღამოს წამყვანი მუსიკოსი, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორი რუსუდან მუმლაძე იქნება.
ოთარ ტატიშვილის პროფესიული გზა მრავალფეროვანია: იყო როკბენდის ლიდერი, 1979 წლიდან ფილარმონიის სოლისტია (პიანისტი და ვოკალისტი). ასევე გახლდათ საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და დირექტორი, სიმფონიური ორკესტრის დირექტორი, მუსიკალური რედაქტორი საზოგადოებრივ მაუწყებელში, წლების განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
ოთარ ტატიშვილის აქტივშია კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები, ცნობილი სიმღერები და ჯაზური კომპოზიციები, ასევე შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისა და სპექტაკლებისთვის. მისი სიმღერებს საქართველოს თითქმის ყველა პოპულარული შემსრულებლის რეპერტუარში შეხვდებით. ამასთანავე, არის ლექსების ავტორიც - სიმღერების დიდი ნაწილი, სწორედ, საკუთარ ლექსებზე აქვს შექმნილი.
ოთარ ტატიშვილის ყველაზე სერიოზული ჰობი სახვითი ხელოვნებაა. ხატავს ბავშვობიდან. მისი პირველი შემფასებელი ცნობილი მხატვარი ეკატერინე ბაღდავაძე იყო. ხშირად მონაწილეობს მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში. 2018 წლის 4 დეკემბერს ნაძალადევის მედიათეკაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა შედგება.