ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდის არის, ვიდრე - ეს მასშტაბური, რომელიც სხვა რაღაცეებს მაგონებს, - ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში.
„ორბელიანის სასახლე, თქვენ როგორც იცით, ჩემი ოჯახი ბარათაშვილი-ორბელიანები იყვნენ, წინაპრები. ამიტომ, ორბელიანის სასახლე ძალიან ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლე არის, ვიდრე - ეს მასშტაბური, რომელიც სხვა რაღაცეებს მაგონებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,52% (1147627 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,48%–ს (780633ხმა).მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.