ქართული ოცნები მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი თავის დას არჩევნებში მხარდაჭერას უცხადებს. ოთარ ზურაბიშვილმა აღნიშნულის შესახებ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. ვინც კარგად არ მიცნობს, შევახსენებ ჩემს ვინაობას, ვარ დაბადებული და გაზრდილი საფრანგეთში პოლიტიკურ-ისტორიული ემიგრანტის ოჯახში.
ახალგაზრდობიდან ვიყავი ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერდი ქართულ ეროვნულ მოძრაობას. წლების მანძილზე ვიყავი საფრანგეთის ქართული სათვისტომოს დირექტორატის წევრი და 12 წელია, რაც ვარ მისი თავმჯდომარე. რასაკვირველია, გამოვხატავ არა სათვისტომოს პოზიციას, არამედ ჩემსას.
ალბათ იცით, რომ ჩემს დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური და აზრები და კიდევაც გვაქვს ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ გვერდიგვერდ გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპების, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა.ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კრემლი იყენებს ყოველგვარ ყოფილ საბჭოურ მეთოდებს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიის ტონი არის ამის მაჩვენებელი.
მომავალი პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ძალიან განსხვავებული. კანონმდებლობა აძლევს საშუალებას პრეზიდენტს, რომ არ იყოს ჩართული პარტიულ ბრძოლაში და იყოს ყოველი ქართველის წარმომადგენელი. დღევანდელი საპრეზიდენტო არჩვენები გვაძლევს იმ უნიკალურ შანსს, რომ დავასუსტოთ რუსეთის მუქარა და გავაძლიეროთ ჩვენი ერი. 30-წლიანი ევროპული, ფრანგული და ამერიკული გამოცდილება სწორედ აძლევს სალომეს ამ შესაძლებლობას. სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებები შემდეგ სამ მთავარ მიზანს : პროგრამა მიძღვნილი ქართული საზოგადოებრიობის კონსოლიდირების მიმართ. საზოგადოების გამოყვანა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებიდან, მისი დამშვიდება და გაერთიანება. საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, რომელსაც გაადვილებს სალომეს ევროპული და ამერიკული აპარატების ცოდნა და პერსონალური კავშირები. გაფართოება ქართლი დიასპორასა და საქართველოს შორის ურთიერთინტერესებისა და მათი დაბრუნების პირობების შექმნა.
სალომეს ინიციატივით მიღწეული კონსტიტუციური და საკანონმდებლო ორმაგ მოქალაქეობაზე გვაძლევს ამის საშუალებას. ამ სამი მიზნის მიღწევა, საზოგადოების, საერთაშორისო და დიასპორისკენ მიმართული გეგმები მოგვიტანს ძალას და იარაღს რუსეთის საფრთხის დაშორების.
მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალი, ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილი.