სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ დაასახელა წყარო, ვინაიდან რეალურად არ არსებობს, ან თუ არსებობს ძალიან მატყუარაა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რეალურად ეს არის ტყუილი. წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი, რაკი არასამთავრობოებისგან გაჟღერდებოდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ნებისმიერი ტყუილი, რომელიც საარჩევნო სიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული, აზიანებს ქვეყანას.
„ნებისმიერი ასეთი ტყუილი, რომელიც ურტყამს სახელმწიფო ინსტიტუტს, საარჩევნო სიას, რომელიც არის ყველაზე უფრო ზუსტი და დახვეწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა, რადგან ჩვენ ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო დაზუსტებულ სიას ვაწვდით ცესკო-ს და ცესკო ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო მაღალი პროფესიონალიზმით ატარებდა არჩევნებს, როდესაც შენ ამ ინსტიტუტებს ურტყამ ტყუილით, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია დაგამოძიების დაწყება მოითხოვეს. მთავარ პროკურატურაში, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე მათ უარი განაცხადეს. გამოკითხვიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ წყაროს დასახელებას არ აპირებენ. მათივე თქმით, წყარო რომელმაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ინფორმაცია მიაწოდა, არ ესწრებოდა თათბირს, სადაც მათივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მსჯელობდნენ.