საქართველოს პარლამენტსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელმა მმართველმა ლინდა დიუფილდმა მოაწერეს.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო, ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულების მხარდაჭერას. მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების განმტკიცებას, რათა მათ შესძლონ სამუშაო პროცესში პარლამენტის წევრებისთვის პროფესიონალურ დონეზე დახმარების გაწევა. ამასთან, პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს ტრეინინგებს და სემინარებს, მივლინებებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, პარლამენტარების გაცვლით ვიზიტებს და ა.შ.
დიუფილდის შეფასებით კი, მემორანდუმი სიმბოლოა იმისა, თუ რაოდენ დიდი სურვიული აქვს ბრიტანეთის მთავრობას საქართველოსთან თანამშრომლობისა.
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი დიდ ბრიტანეთში არსებული ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. ფონდი, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი, 1992 წელს დაარსდა. მას საგარეო და თანამეგობრობის ოფისი აფინანსებს. ფონდის საქმიანობის სფერო საპარლამენტო განმტკიცება და პოლიტიკურ პარტიათა განვითარებაა.