7 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებენ. ამის შესახებ დღეს ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ეს მოთხოვნებია: 1) გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და შეწყდეს რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით; 2) გათავისუფლდეს მედია ხელისუფლების წნეხისგან, აღდგეს საკუთრების უფლება წართმეულ ტელეარხებზე და ტელეკომპანია "იმედი" ხალხს დაუბრუნდეს; 3) შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი გარემო ნებისმიერი არჩევნებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რეზოლუციაში ჩამოთვლილი სამი მოთხოვნიდან პირველი ორის შესრულება უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.
მოთხოვნების 23 ნოემბრამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს საზოგადოებას შეუერთდეს საპროტესტო აქციას, რომლის ორგანიზებასაც უფლებადაცვითი ორგანიზაციები ითავებენ.
"მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას, სტუდენტს, არ შევეგუოთ ძალადობას. ჩვენ ვაპირებთ შეხვედრები მოვაწყოთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდობა და სტუდენტობა უნდა დაირაზმოს", - განაცხადა მოძრაობა "7 ნოემბრის" ლიდერმა, ჯაბა ჯიშკარიანმა.
მოთხოვნები საქართველოს პარლამენტსა და კანცელარიას დღეს გადაეგზავნა, ხოლო ოთხშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებსაც გააცნობენ.