ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ყველა ასპექტი და პუნქტი არის ძალიან საყურადღებო. არის გულწრფელად ღია სათქმელი მოსახლეობასთან. ეს არის ერთის მხრივ, რეალობის ძალიან გულწრფელი და ობიექტური ანალიზი, იმ შეცდომებისა და პრობლემების დანახვა, რასაც მმართველი პარტია ხედავს. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოცემულობაზე პასუხისმგებლობის განცდა და გააზრებაა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ არჩევნებით სასწორზე ის მონაპოვარი დგას, რაც 2012 წლის გამარჯვებამ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოიტანა.
"ახლა დგას ეტაპი, როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ ჩვენ ვხედავათ პრობლემებს, რაც არის ქვეყანაში. ამავე დროს, ჩვენ ღიად და პირდაპირ ვეუბნებით ხალხს, რომ ახლა ამ არჩევნებით სასწორზე ის მონაპოვარი დგას, რაც 2012 წლის გამარჯვებამ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოიტანა. ეს მონაპოვარი არის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ქვეყნის გამთლიანების პროცესის დაწყება - ადამინის, როგორც ყველაზე მთავარი ღირებულების პატივისცემა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.