მოსამართლემ ის გარემოება უფრო გაითვალისწინა, რომ საქმეზე განსაკუთრებულად დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, ვიდრე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სააპელაციო სასმართლოს მიერ დღეს, ბრალდების მხარის მიერ ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. მათ შორის, ძმები კალანდიების მეორედ დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
"ბრალდების მხარის შუამდგომლობები განპირობებულია იმით, რომ თავის დროზე არ იქნა საქმე ეფექტურად გამოძიებული. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე იყო განპირობებული. მოსამართლემ ის გარემოება უფრო გაითვალისწინა, რომ საქმეზე განსაკუთრებულად დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, ვიდრე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები.
ადვოკატებს მიგვაჩნია, რომ სასამართლო ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დარწმუნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ბრალდების მხარემ იშუამდგომლა მოწმეების სასამართლოში კვლავ დაკითხვა თითქოს, მათ განაჩენის გამოტანის შემდეგ გააჟღერეს ისეთი გარემოებები, რომელიც აქამდე ცნობილი არ ყოფილა. ეს მოწმეები რამდენიმე დღის განმავლობაში დავკითხეთ სასამართლოში, ისინი საათობის განმავლობაში აძლევდნენ ჩვენებებს. ბრალდების მხარეს ამ მოწმეებთან თუ ჰქონდა კითხვები, თავისუფლად შეეძლოთ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაესვათ.
რაც შეეხება მეორე მოწმეს, თითქოს, ბრალდების მხარემ არ იცოდა, რომ ის შემთხვევის ადგილზე არსებობდა, არადა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის შესახებ მიუთითეს. შესაბამისად, ბრალდების მხარეს ყველა ბერკეტი ჰქონდა, ის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოედგინა. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს", - აცხადებს კაკაბაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 მაისს, არასრულწლოვნები გ.ჯ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის, გ.ბ. კი, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გ.ჯ.-ს ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას, გ.ბ.- ადვოკატი კი მის სრულად გამართლებას ითხოვს.
ბრალდების მხარე კი, ორივესთვის მკვლელობის ნაწილში გამტყუნებას ითხოვს.