ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ ეს მტკიცებულებები საკმაოდ სანდო და სარწმუნოა, რომელმაც სასამართლოს უტყუარი პოზიცია უნდა შეუქმნას, რომ მათ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნონ ბრალად შერაცხულ ქმედებაში, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.
ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში სწორედ აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს.
"ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა კონკრეტული მტკიცებულებების სასამართლო პროცესზე დართვასთან დაკავშირებით.
დაველოდებით ადვოკატების პოზიციას. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გონივრული მოლოდინი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვაც იშუამდგომლებს გარკვეული შუამდგომლობების დართვასთან დაკავშირებით.
ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გარკვეული მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარადგინა საპროცესო დოკუმენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ამ მტკიცებულებებისთვის მტკიცებულების სტატუსის მინიჭება მოხდეს", - აცხადებს ნადირაძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 30 მაისს, არასრულწლოვნები გ.ჯ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის, გ.ბ. კი, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გ.ჯ.-ს ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას, გ.ბ.- ადვოკატი კი მის სრულად გამართლებას ითხოვს.
ბრალდების მხარე კი, ორივესთვის მკვლელობის ნაწილში გამტყუნებას ითხოვს.