მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს ტოტალური თავდაცვის პრინციპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების პროცესში.
„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადრეთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს ტოტალური თავდაცვის პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.