ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განმარტებით, დღეს დაკითხულმა მოწმემ, ლუკა კალანდიამ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მიიღო თანხა და რისთვის მიიღო, ამას მხარეები დასკვნით სიტყვაში შეაფასებენ.
დანარჩენ დეტალებზე მეგრელიშვილი არ საუბრობს, რადგან სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
"საქმეში ყველა მოწმე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა დღეს.
დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, ვინაიდან ჩვენების შინაარსი არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც დაიხურა ამ პროცესის მიმდინარეობა.
მოწმემ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ასევე ისაუბრა გარკვეულ გარემოებებზე, რომელიც მერაბ მორჩაძისათვის გარკვეულ გარემოებებზე წარდგენილი ბრალდების ელემენტებს ეხება.
მოწმისთვის ცნობილი ინფორმაცია, რომელიც მერაბ მორჩაძისთვის წარდგენილ ბრალდებას ეხება, დაადასტურა.
არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის, უშუალოდ იმ პირის ჩვენება, რომელზეც ხდებოდა ზეწოლა. ასევე მასთან დაკავშირებული პირების ჩვენება.
სამართლებრივ შეფასებებს მხარეები შესავალ-დასკვნით სიტყვაში ახდენენ. საბოლოო სამართლებრივ შეფასებას, რა მიზნით იქნა ეს თანხა გადაცემული, სასამართლო დაადგენს.
მოწმემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მიიღო თანხა და რისთვის მიიღო, ამას მხარეები დასკვნით სიტყვაში შეაფასებენ და შეაფასებს სასამართლო", - აცხადებს მეგრელიშვილი.
ის იმ თანხის ოდენობას, რომლითაც მორჩაძე კალანდიას მოსყიდვას ახდენდა, არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.